სოხუმის თეატრის სცენაზე ივანე გაბრუაშვილის სპექტაკლის "მე ვხედავ მზეს" პრემიერა გაიმართა

სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ივანე გაბრუაშვილის სპექტაკლის "მე ვხედავ მზეს“ პრემიერა გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძესთან ერთად დაესწრო.

ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლი ასახავს ქართული სოფლის ყოველდღიურობას დიდი სამამულო ომის წლებში. მთავარ გმირს, ობოლ სოსოიას იმედი აქვს, რომ ომის დასრულების შემდეგ ყველაფერი უკეთ იქნება და ხატიასაც თვალები აეხილება.

პრემიერას ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი თამაზ ხუბუა, აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

სპექტაკლში აფხაზეთის ა/რ პროფესიული სახელმწიფო ინტეგრირებული თეატრის "აზდაკის ბაღის“ და საქართველოს სხვადასხვა თეატრის დამსახურებული მსახიობები მონაწილეობდნენ.

ინტეგრირებული თეატრი, რომელიც 2015 წელს დაარსდა, აერთიანებს 20-მდე განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირს, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილ მსახიობებს.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.