
ახალი ამბები

აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე სოხუმის დრამატულ თეატრში, საქართველოს დამსახურებული არტისტის, მსახიობ ლიანა მიქაშავიძის შემოქმედებით საღამოს დაესწრო, რომელიც მისი წიგნის - "სოხუმის ქართული თეატრი გისმენთ" პრეზენტაციას მიეძღვნა.
სოხუმის თეატრის თითოეულ მაყურებელს კიდევ ერთხელ ჰქონდა საშუალება, გასცნობოდა ქართულ-აფხაზურ კულტურას, რომელიც ჩვენი შერიგების საფუძველს ქმნის.
საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.
შემოქმედებითი საღამო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად თენგიზ ნასარიძე დაინიშნა. ახლად დანიშნული მინისტრი თანამშრომლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ წარუდგინა.
თენგიზ ნასარიძე ქალაქ სოხუმში დაიბადა. განათლება მიღებული აქვს სამართალმცოდნეობის მიმართულებით. სწავლობდა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში. მას საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს იკავებდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილისა და "საქართველოს მელიორაციის" გენერალური დირექტორის თანამდებობებს.
თენგიზ ნასარიძემ აღნიშნულ თანამდებობაზე ლაშა დოლბაძე შეცვალა.
ახალი მინისტრი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან შეუდგა.


აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატამ, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით და პროგრამა "აწარმოე საქართველოში” თანამშრომლობით, აფხაზეთიდან დევნილ მეწარმე ანასტასია ფრუიძეს საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობისათვის საჭირო ხარჯები დაუფინანსა.
2025 წლის 23-25 თებერვალს, მილანში გაიმართა MICAM / MIPEL - ფეხსაცმლისა და ტყავის ნაწარმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო გამოფენა, რომელსაც ყოველწლიურად 42,000-ზე მეტი სტუმარი ჰყავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
გამოფენაში მონაწილეობდა ქართული ბრენდი „SummuS“. ანასტასია ფრუიძისთვის ეს იყო უნიკალური შესაძლებლობა, გაეცნო საერთაშორისო ბაზრის ტენდენციები, წარედგინა საკუთარი პროდუქცია და დაემყარებინა მნიშვნელოვანი საქმიანი კონტაქტები.
გამოფენა საუკეთესო ადგილია ახალი ტენდენციების, ინოვაციური მიმართულებების გასაზიარებლად და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გასაფორმებლად.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლაშა დოლბაძე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმს - “დიასპორა სამშობლოსთვის - ტრადიცია, ერთიანობა, განვითარება” დაესწრო.
ღონისძიება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გახსნა. ფორუმის სტუმრებს ასევე სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ და საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ.
ღონისძიებას ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის მთავრობის წევრები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დიასპორისა და საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი ყოველწლიურად იმართება და მიზნად ისახავს სახელმწიფოსა და დიასპორას შორის კავშირებისა და თანამშრომლობის გაღრმავებას, არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე მსჯელობას და ქვეყნის განვითარებაში დიასპორის წარმომადგენელთა როლის გაზრდას.
გახსნის ცერემონიის შემდეგ, ფორუმის ფარგლებში თემატური პანელები ჩატარდა.












