მთავარი/სამინისტრო/განათლებისა და კულტურის სამინისტრო/ახალი ამბები
განათლებისა და კულტურის სამინისტრო

ახალი ამბები

აფხაზეთის №2 საჯარო სკოლაში პედაგოგებმა მოსწავლეებს უამბეს, რომ 1978 წლის 14 აპრილს რუსთაველის პროსპექტზე გამოსულმა ახალგაზრდებმა საბჭოთა ხელისუფლებას ქართული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის წართმევა არ დაანებეს. საუბრის ბოლოს კი ამ მოვლენების ამსახველი ვიდეო-მასალა უჩვენეს.
 
აფხაზეთის №3 საჯარო სკოლაში მოეწყო მხატვრული კითხვისა და კალიგრაფიის კონკურსები, რომელთა გამარჯვებულებსა და მონაწილეებს სიგელები გადაეცათ.
 
აფხაზეთის №11 საჯარო სკოლაში, საქართველოს ჰიმნთან ერთად დედაენის ჰიმნი შესრულდა. სკოლის ფოიეში გამოიფინა ქართული ასოების თემატიკის ამსახველი ნაქარგები, ნახატები და კედლის გაზეთები.
 
მოსწავლეებმა ყველა სკოლაში ამ დღის აღსანიშნავად დედა ენაზე ლექსები წაიკითხეს და სიმღერები შეასრულეს.

თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის  მინისტრმა ეკა ხოფერიამ და გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის დირექტორმა  თამარ ბელაშვილმა.

მემორანდუმის მიზანია ცოდნისა და გამოცდილების გაცვლა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში (ხელოვნების ისტორია, არქიტექტურა, რესტავრაცია, თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები, ფოტოგრაფია, არქივმცოდნეობა, კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია, ბეჭდური პროდუქციის შექმნა და სხვა).

გარდა ამისა, ისინი ერთად გაუწევენ ორგანიზებას სამეცნიერო პროექტებს (კონფერენციებს, სემინარებს, სეზონურ სკოლებს და სხვ.) და შედეგებს სამეცნიერო სტატიების, კრებულების, ბუკლეტებისა თუ წიგნების სახით გამოაქვეყნებენ. საჭიროების შემთხვევაში აწარმოებენ ერთობლივ კვლევებს და ა. შ.

გურამ დოჩანაშვილის მოთხრობები: „ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება, ანუ მესამე ძმა კეჟერაძე'', „თავფარავნელი ჭაბუკი“, „განსმდგომი შუაკაცი“, „იგი სიყვარულისთვის იყო გაჩენილი, ანუ გრიშა და მთავარი'' და სხვ. თავიდანვე გამოარჩია მკითხველმა. მწერალს საყოველთაო აღიარება მოუტანა პირველმა რომანმა „სამოსელი პირველი“. მისი მოთხრობა „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ კი შესულია სასკოლო პროგრამაში.
 
გურამ დოჩანაშვილის შემოქმედება სიყვარულსა და სიკეთეს, თავისუფლებას ქადაგებდა ყოველთვის. მისი ნაწარმოებები თარგმნილია მრავალ ენაზე და მათ საფუძველზე გადაღებულია კინოფილმები თუ ტელესპექტაკლი.
 
იგი დაჯილდოებული იყო წმინდა გიორგის ორდენით, ვაჟა-ფშაველას პრემიით, ივანე ჯავახიშვილის მედლით, საქართველოს სახელმწიფო პრემიით, „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის“ ლიტერატურული პრემიით - „საბა“.
 
გურამ დოჩანაშვილის ამქვეყნიდან გასვლით ქართულმა ლიტერატურამ უდიდესი დანაკლისი განიცადა.
ნათელში დაივანოს მისმა სულმა.
ქართველი კომპიზიტორისა და ლოტბარის, ფოლკლორისტისა და დირიჟორის, ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებლისა და ხელმძღვანლის ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალება უკვე შეფასდა როგორც ქართული კულტურის უდიდესი დანაკლისი.
 
ანზორ ერქომაიშვილი იყო მამულიშვილი, რომელიც წლების განმავლობაში მსოფლიოს არქივებში მიმოფანტული ქართული უნიკალური სიმღერების ჩანაწერებს ედგა კვალში, პოულობდა, წიგნებად კრავდა და ქართული კულტურის საგანძურს ამატებდა. მან ასევე მოიძია და დაკარგვას გადაარჩინა უამრავი აფხაზური ხალხური სიმღერა და ქართულ-აფხაზური ხალხური სიმღერების ალბომი გამოსცა, რითაც ქართულ-აფხაზური ურთიერთობის აღდგენის გზაზეც თავის სიტყვას ამბობდა.
 
„ქართული მუსიკალური ენის, ჩვენი მრავალხმიანობის გადარჩენისა და პოპულარიზაციისათვის გაწეული მსახურების გამო“ იგი დაჯილდოებული იყო ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით, რუსთაველის, ექვთიმე თაყაიშვილის, იაკობ გოგებაშვილის, ივანე ჯავახიშვილის და სხვ. პრემიებით.
 
ანზორ ერქომაიშვილი, ადამიანი „სავსე ქართული პატიოსნებით“, თავმდაბლობითა და კეთილშობილებით, დღეიდან მთაწმინდის ბინადარი გახდა.
მსუბუქი იყოს მისთვის ეს წმინდა მიწა!

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში აფხაზეთის წარმატებულ ახალგაზრდებს შეხვდა და თანამშრომლობის საკითხებზე ესაუბრა. შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო უწყებებში, კერძო კომპანიებსა თუ საერთაშორისო ორგანიზაციებში დასაქმებული წარმატებული ახალგაზრდები.

მინისტრმა ყურადღება აფხაზეთის საჯარო სკოლების აღსაზრდელებზე შეაჩერა და სტუმრებს მიმართა: „გვინდა, აფხაზეთის წარმატებულმა ახალგაზრდებმა, საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით, გაგვიზიაროთ რჩევები, წინადადებები, როგორ, რა გზით ვიაროთ, რომ ამ სკოლების ბავშვებს დანარჩენ საზოგადოებასთან ინტეგრირებასა და წარმატების მისაღწევად საჭირო უნარ-ჩვევების შეძენაში დავეხმაროთ“.

შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა და იმსჯელეს მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივაზე. ითქვა, რომ ახალგაზრდების მხარდასაჭერად მნიშვნელოვანია მათი ჩაბმა საერთაშორისო პროექტებსა და პროგრამებში, აფხაზეთის თემატიკასთან დაკავშირებული კონფერენციებსა და ფორუმებში და ა. შ.

დასასრულ შეთანხმდენ, რომ შეიქმნას აფხაზეთის წარმატებული ახალგაზრდების სამუშაო ჯგუფი, რომელიც თავისი იდეებით, წინადადებებითა და პრაქტიკული ნაბიჯებით  შეხვედრაზე წამოჭრილი საკითხების მოგვარებას შეუწყობს ხელს.

 

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ, კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს თანადგომით, ბორჯომში მდებარე აფხაზეთის 22-ე საჯარო სკოლას შეპირებული სპორტული ინვენტარი: ჩოგბურთის მაგიდა, ბურთები და სხვ. ჩაუტანა.
 
თავიანთ მხრივ, პირობა შეასრულეს მოსწავლეებმაც და მინისტრს, წინა ჩამოსვლაზე ჩამოტანილ, „ბიბლუსის“ მიერ ნაჩუქარ წიგნებზე შთაბეჭდილებები გაუზიარეს.
 
ეკა ხოფერიამ სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებთან საუბრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აფხაზეთის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია.
30 წლის წინათ, 1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი, რომელზეც საზოგადოებამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას.
 
ამ ისტორიული დღის მთავარი მოქმედი პირი იყო საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, რომლის დაბადების დღეცაა 31 მარტი.
 
ფასდაუდებელია ზვიად გამსახურდიას ღვაწლი საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ქარცეცხლში: მან 1991 წლის 9 აპრილს, პარლამენტის სხდომათა დარბაზში, 31 მარტის რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა და ამით მრავალი თაობის ქართველთა ოცნება აახდინა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრს ეკა ხოფერიას ყველაზე მეტი პრობლემა დახვდა აფხაზეთის №14 საჯარო სკოლაში, რომელიც ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალკახათში, დევნილთა კომპაქტური ჩასახლების კორპუსშია განთავსებული.
 
მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან შეხვედრისა და მათთვის კომპიუტერების გადაცემის შემდეგ მინისტრი სკოლის პრობლემებს გაეცნო. როგორც გაირკვა, სკოლას არა აქვს კეთილმოწყობილი დარბაზი და ბუფეტი.
 
ეკა ხოფერიას თქმით, „დევნილთა ეს კომპაქტური ჩასახლება და მასთან მიბმული სკოლა მოწყვეტილია ქალაქს, ამდენად იქ მცხოვრები ბავშვებისთვის მნიშვნელოვანი დატვირთვის მატარებელია სკოლის სივრცე და იქ არსებული გარემო.
 
ბავშვების სურვილია ჰქონდეთ ადგილი, სადაც გართობასა და დროის საინტერესოდ გატარებას შეძლებენ. ამდენად, სამინისტრო შეეცდება უახლოეს მომავალში მოაგვაროს ეს პრობლემები: კეთილმოაწყოს დარბაზი და გამართოს ბუფეტი“.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია ზუგდიდში, აფხაზეთის №1 საჯარო სკოლას, მის პედაგოგებსა და მოსწავლეებსაც გაეცნო და ახალ პროექტებსა და იდეებზე ესაუბრა. მინისტრმა კომპიუტერიზაციის გაუმჯობესების მიზნით სკოლას კომპიუტერები გადასცა.
 
ეკა ხოფერია როგორც სხვა სკოლებში, ისე აქაც სკოლის ინფრასტრუქტურითა და საჭიროებებით დაინტერესდა.
18 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია სენაკში, თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის №7 საჯარო სკოლას სტუმრობდა. მინისტრმა, როგორც აფხაზეთის სხვა საჯარო სკოლებს, ისე ამ სკოლასაც საჩუქრად კომპიუტერები ჩაუტანა.
 
ეკა ხოფერია მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდა, ახალ პროექტებზე ესაუბრა და მომავალი თანამშრომლობის საინტერესო იდეები გაუზიარა. ის ასევე გაეცნო სკოლის აფხაზური ენის კლუბის საქმიანობას, ინფრასტრუქტურასა და საჭიროებებს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია ქ. ზუგდიდში განთავსებულ ილია ვეკუას სახელობის აფხაზეთის №11 და აფხაზეთის №12 საჯარო სკოლებს ეწვივნენ.
 
მთავრობის თავმჯდომარე და მინისტრი სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს შეხვდნენ და ესაუბრნენ. შემდეგ კი აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და საქველმოქმედო ფონდ „სარაჯიშვილის“ მხარდაჭერით, აფხაზეთის ორივე საჯარო სკოლას კომპიუტერები გადასცეს. როგორც ეკა ხოფერიამ აღნიშნა, აფხაზეთის საჯარო სკოლების კომპიუტერიზაციის პროცესი, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში, მომავალშიც გაგრძელდება.
 
გარდა ამისა, რუსლან აბაშიძე და ეკა ხოფერია Covid-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, სკოლებში უსაფრთხოების დაცვისა და სწავლა-სწავლების ნორმალურად წარმართვისთვის არსებულ მდგომარეობას გაეცნენ. ბოლოს ითქვა, რომ ორივე სკოლა ზედმიწევნით იცავს სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს და შესაბამის რეკომენდაციებს.

აფხაზეთის საჯარო სკოლებში საქართველოს პირველი ეროვნული გმირის ჟიული შარტავას დაბადების დღისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა. კვირეულის ფარგლებში სკოლებში გაიმართა ჟიული შარტავას ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი კონფერენციები, საუბრები, გამოფენები, დოკუმენტური ფილმის ჩვენება და დისკუსიები თემაზე:  „ჟიული და აფხაზეთი (ჟიული შარტავას როლი აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაში)“ და ა. შ.

მიწოდებული ინფორმაციების კვალდაკვალ სკოლებში ჩატარდა ესეების კონკურსი „ჟიული შარტავა - ჩვენი დროის გმირი“; მოსწავლეებმა ასევე დაწერეს თემები:  „ჟიული შარტავა - ეროვნული გმირი“;  „გმირი, რომელიც იქ იდგა და სხვაგვარად არ ძალუძდა“; „გმირის უკანასკნელი სიტყვების გააზრება: „ბოლომდე ვიბრძოლებთ, თუ სიკვდილი გვიწერია, არც ესაა დიდი ტრაგედია“ და სხვ.

კვირეულის ბოლოს თბილისში განთავსებული აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ყვავილებით შეამკეს ჟიული შარტავას საფლავი და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ, გაცნობის მიზნით,  ქუთაისში მდებარე აფხაზეთის მეხუთე და მეექვსე საჯარო სკოლები მოინახულა. მან სკოლის პედაგოგებს  საგაზაფხულო დღესასწაულები  - დედის დღე და ქალთა დღე მიულოცა და ფარმაცევტული კომპანია პსპ აფთიაქი-სა და დიზაინერ თეონა თავართქილაძის კომპანიის მიერ შეჩეული საჩუქრები გადასცა.

მინისტრი სკოლების ინფრასტრუქტურითა და საჭიროებებითაც დაინტერესდა და აღნიშნა, რომ არსებული პრობლემების მოგვარებაზე აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო იზრუნებს.

ჟიული შარტავა იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, რომელიც 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, თანამებრძოლებთან ერთად დახვრიტეს.

„ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვიდრე შეგვიძლია და თუ სიკვდილი გვიწერია, არც ეს უნდა იყოს დიდი ტრაგედია. ისეთი ბიჭები იხოცებიან, ძნელია ამის შემყურემ სიცოცხლეზე იფიქრო. რას იზამ, ძნელია, ბედისწერას გაექცე!" - უთქვამს ჟიული შარტავას. იგი თავისი სიტყვების ერთგული დარჩა, განწირული სოხუმის მოსახლეობა ბოლომდე არ მიატოვა და ამ რწმენას შეეწირა კიდეც.

 

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, აფხაზეთის საჯარო სკოლებში თემატური კონკურსები, გამოფენები, დოკუმენტური ფილმების ჩვენება და ლექცია/სემინარები გაიმართა.
 
მოსწავლეებს, ისტორიული ფაქტების უკეთ გააზრების მიზნით, მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს 1921 წლის ოკუპაციის ქრონოლოგიაზე, საქართველოს პირველ კონსტიტუციასა და მის მნიშვნელობაზე, ქვეყნის ერთიანობისათვის დაღუპულ გმირებზე.
 
25 თებერვალს, საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის დღეს კი აფხაზეთის მეორე და მესამე საჯარო სკოლების მოსწავლეები საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმს ეწვივნენ და მათ ოკუპაციის ამსახველი ექსპონატები დაათვალიერეს.