აფხაზეთიდან დევნილ მოზარდებს უფასო სამედიცინო კონსულტაციები ჩაუტარდათ

აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, თბილისში, სამედიცინო ცენტრ „აფხაზეთის“ საბურთალოს ფილიალში, აფხაზეთიდან დევნილ 18 წლამდე ასაკის მოზარდებს უფასო სამედიცინო კონსულტაციები ჩაუტარდათ.

კლინიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე იმყოფებოდა, რომელიც აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ბესიკ კუსიდისთან და სამედიცინო ცენტრ „აფხაზეთის“ გენერალურ დირექტორ ნათია ფარცვანიასთან ერთად პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო და დევნილ მოზარდებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

ღონისძიების ფარგლებში, ქვეყნის წამყვანმა ექიმ სპეციალისტებმა, რომელთა შორისაც ბავშვთა ნევროლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი გვანცა არველაძე, ბავშვთა ენდოკრინოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ირაკლი ფაღავა და პედიატრი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი თემურ მიქელაძე იყვნენ, 50-ზე მეტ ბენეფიციარს სამედიცინო კონსულტაცია გაუწიეს და შესაბამისი რეკომენდაციები გასცეს.

დევნილი მოქალაქეებისთვის უფასო სამედიცინო კონსულტაციები, ქვეყნის წამყვან ექიმ სპეციალისტებთან ერთად, საქართველოს სხვა ქალაქებშიც ჩატარდება.